მოდერნისტები
დავით კაკაბაძეკირილე ზდანევიჩიზიგმუნდ ვალიშევსკიილია ზდანევიჩილადო გუდიაშვილივალერიან სიდამონ-ერისთავიმიხეილ ჭიაურელიდიმიტრი შევარდნაძებაჟბეუკ-მელიკოვიალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბაალექსანდრე ზალცმანიბენო გორდეზიანიირაკლი გამრეკელიელენე ახვლედიანიპეტრე ოცხელიქეთევან მაღალაშვილიმიხეილ გოცირიძეირინა შტენბერგიკლარა კვესიემმა ლალაევასოსო გაბაშვილითამარ თავაძეოლღა კონიაშვილი
ავანგარდული წიგნიპოსტერებიმანიფესტებიჟურნალები, გაზეთები H2SO4- ის გამოცემები თბილისის არტისტული კაფეებიმემკვიდრეობა და მოდერნიზმიტექსტები ხელოვნებაზევიზუალური ისტორიები კინო/საუნდიროგორ და როდის დასრულდა ქართული მოდერნიზმიბიბლიოგრაფია
 
მთავარი მოდერნისტები ბენო გორდეზიანი ბიოგრაფია
ბიოგრაფია

ბენო გორდეზიანი

1920-იანი წლების მემარცხენე ხელოვნების ერთ-ერთი თანამიმდევრული წარმომადგენელი, მისსავე თქმით “ქართული ფუტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.” მხატვარი, მწერალი, პუბლიცისტი, კულტურისა და ხელოვნების მეტად საინტერესო ინტერპრეტატორი. დღეს თითქმის უცნობი ქართულ სახელოვნებო წრეებსა და საზოგადოებაში.

დაიბადა 1894 წლის 13 მარტს საქართველოში, ქუთაისის გუბერნიაში.

ქ. გორის სასწვალებლის დამთავრების შემდეგ სწავლობს თბილისის სასულიერო სემინარიაში, გადის თბილისში განათლების უმაღლეს კურსებს.

1925 წელს გორდეზიანი სწავლობს მოსკოვში “ვხუტემასში” (ВХУТЕМАС), 1928 წელს სწავლას აგრძელებს იმ ხანად ახლად გახსნილ თბილისის სახალხო უნივერსიტეტში.

1926 წლიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობას იწყებს კვლავ სახელმწიფო გამომცემლობაში.

1921-1930 წლებში მუშაობს ასევე მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახ. კომისარიატში, კულტურისა და პოლიტიკური განათლების განყოფილებაში; სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგედ სახელმწიფო გამომცემლობაში.

შემდგომ წლებში: 1932 წლიდან არის ქართველ საბჭოთა მხატვრთა კავშირის წევრი და კავშირთან არსებული კრიტიკოსთა სექციის წევრი.

იბეჭდება და ცალკე წიგნებად გამოდის მისი როგორც ორიგინალური, ისე თარგმნილი ნამუშევრები. (“ნიკო ფიროსმანიშვილი”, “ხელოვნება განსაცდელშია”, “რატომ არ არის ყველა ნივთი ერთფერი”, ქართველი მწერლები (წიგნი-ალბომი) და სხვა.)

II მსოფლიო ომის დროს მუშაობს სხვადასხვა სააგიტაციო ლიტერატურის და პოლიტიკური პლაკატების გამოცემებში და წიგნის დიზაინში.

1922 წლიდან გორდეზიანი მემარცხენე ფუტურისტების ჯგუფის H2SO4-ის წევრია და მისი იდეოლოგიის თანამიმდევრული გამტარებელი.

1924 წელს ჯგუფის წევრებთან ერთად უშვებს ამავე სახელწოდების ჟურნალს, შეიძლება ითქვას, გამორჩეულს თავისი წყობით, დიზაინითა და შინაარსით ზოგადად იმ პერიოდის ფუტურისტული და დადაისტური ბეჭდვითი პროდუქციისაგან.

არის ჯგუფის ექსტრავაგანტული და სკანდალური საჯარო გამოსვლების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.

ჩამოვთვლით ჟურნალის ავტორებს, ე. ი. H2SO4-ის ჯგუფის წევრებს იმ საინტერესო მინაწერებით, რომელიც გაუკეთებია უცნობს ჟურნალის სატიტულო გვერდზე თითოეული ავტორის გვარის გასწვრივ. შემდეგ პოეტს იოსებ გრიშაშვილს ის ბაზარზე შეუძენია და ამჟამად ჟურნალი მის ბიბლიოთეკა-მუზეუმში ინახება.

მაშ ასე: ბენო გორდეზიანი – “მხატვარი დადაისტი (?)”, ნიოგოლ ჩაჩავა – “წმ. წყლის ფუტურისტი”, ირაკლი გამრეკელი – “მხატვარი ფუტურისტი”, პავლე ნოზაძე – “წმ. წყლის დადაისტი”, ჟანგო ღოღობერიძე – “ანკარა დადაისტი”, აკაკი ბელიაშვილი – “ფუტურისტი”, სიმონ ჩიქოვანი – “ანკარა ფუტურისტი”, ნიკოლოზ შენგელაია – “კომ. ფუტურისტი (აშკარა)”, შალვა ალხაზაშვილი – “კომ. ფუტურისტი”; “სულ: H2SO4”.

ბენო გორდეზიანი ფუტურიზმსა და დადაიზმს შორის – რომელია ის, ფუტურისტი თუ დადაისტი? თუმცა ერთი მხრივ ჟურნალში განმარტებულია: “უმთავრესი ფაქტი – ფუტურიზმი არის პირველი სტადიით რევოლუცია პოეზიის და სხეულის ნაწილივით ატარებს დადას.” ალბათ, ისევე როგორც გორდეზიანი-ფუტურისტი თავის წილად და დიდწილად, დადას იდეოლოგიის მატარებელი და გამტარებელია, რომლისთვისაც სხვადასხვა იზმს – იმპრესიონიზმს, კუბიზმს, ფუტურიზმს, სუპრემატიზმს, პუანტელიზმს, კონსტრუქტივიზმს დიდი შრიფტით აკრეფილი სიტყვა “დადა” სწონის.

ბენო გორდეზიანი სახელოვნებო სივრცეში საქართველოს ანექსიისა და გასაბჭოების შემდეგ, სულ ახალგაზრდა, 27 წლისა შემოდის თავისი მემარცხენეული იდეოლოგიით. მისი მემარცხენეობა, ამბოხისა და რევოლუციის იდეოლოგია, მიუხედავად აგრესიული პოლიტიკური დროისა და სივრცისა, მხოლოდ ხელოვნებას მოიცავს, ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად ვრცელდება პოლიტიკასზე. ის ერთ-ერთ წერილში “მემარცხენეობა ქართულ ლიტერატურაში”, წერს: “მემარცხენეობას მუდამ ორი მომენტი ახასიათებს: ამბოხება და შემოქმედება. ამბოხება იწყება მაშინ, როდესაც ხელოვნების რომელიმე დარგი ვეღარ აკმაყოფილებს განვითარებულ გემოვნების მქონე ხელოვანს. ასეთი ხელოვანი იწყებს შემოქმედების ძველი გაგების დაშლას. ეს პროცესი მასიურად ხდება განსაზღვრულ პერიოდში, ინდივიდუალურად კი ყოველთვის. ... ვინც ინტელექტუალურად განიცდის ამბოხებას, თავის თავად ხდება “მემარცხენე”. ... ეს არის ხელოვნების გაგება და არა შემოქმედება.”

ამბოხი, რევოლუცია ხელოვნებაში ბენო გორდეზიანის იდეოლოგიაში გასაოცრად ეჯაჭვება მემკვიდრეობის პრობლემას, და არა მისი უარყოფის, არამედ, პირიქით, მისით საზრდოობის თვალსაზრისით. ესაა არა მხოლოდ გორდეზიანის კერძო პარადოქსი, არამედ ქართული ე. წ. მემარცხენე მეამბოხეთა ზოგადი მახასიათებელი, რაც გორდეზიანის შემოქმედებაში აისახა, და რაც რამდენიმე წლის შემდეგ, 1927 წელს, ისევ გამოჩნდება მემარცხენე ხელოვანთა ახალი ჯგუფის იდეოლოგიაში: პოეტ გრიგოლ ცეცხლაძის მიერ ჯგუფის დეკლარაციაში გაცხადებულ “სინთეტიზმის” თეორიაში. (იხ. ჟურნალი “მოქმედება”, თბილისი 1927, ¹ 1)

ბენო გორდეზიანი აყენებს მემკვიდრეობითობის პრობლემას - H2SO4-ის წინამორბედად ქართულ ხელოვნებაში ის სთვლის ნიკო ფიროსმანაშვილს, დავით კაკაბაძესა და ლადო გუდიაშვილს; მისი აზრით მემარცხენეობა ხელოვნებაში ითხოვს: 1. ენის რევოლუციას, 2. სიტყვის ქმედითობას აზრისა და ხმის მიხედვით, 3. შინაარსს, 4. სიახლეს და 5. ენის ცოდნას. ამ მხრივ იგი ფუტურისტულ მიღწევად ბესიკის პოეზიას (XVIII ს.) თვლის და აღნიშნავს, რომ მის სიმაღლემდე ჯერ ვერც ერთი მემარცხენე პოეტი ვერ მისულა. ამისთვის კი მისი აზრით, “ქართული სიცოცხლით ანთებული” შემოქმედებაა საჭირო.

1925 წელს ჯგუფი H2SO4 გამოსცემს კიდევ ერთ ჟურნალს “ლიტერატურა და სხვა”, შემდეგ კი, უკვე 1926 წლიდან იგი სწყვეტს არსებობას როგორც ჯგუფი. თუმცა 1927 წელს, როგოც ზევით აღინიშნა, ჩნდება მემარცხენეთა ახალი თაობა, 1928 წლისთვის მემარცხენეული იდეოლოგია თანდათან ჰქრება იმდენად, რამდენადაც სახელოვნებო ამბოხი და რევოლუცია ხელოვნებაში სულ უფრო არასასურველი ხდება. მეტიც, ნიკოლოზ ჩაჩავას ბენო გორდეზიანისადმი მიწერილ წერილში, ჩნდება ამგვარი რუსული ფრაზა: “ожиданиеопасностейириск” (საშიშროების მოლოდინი და რისკი). (იხ. Т. Никольская, ЖурналГрузинскихноваторовH2შO4, წიგნში Аиангардиокрестности, СПб 2002).

მრავალი წელი ბენო გორდეზიანი ქართულ შრიფტზე მუშაობდა. ეს ჯერ კიდევ H2SO4-ის წევრობის დროს დაწყებული პროექტია, თავისი არსით ფუტურისტული. მაშინ ის წერდა: “ანბანი – ხმის გადმომცემი ნიშანი. თანამედროვე ნიშანის საწყისი არის ბუნება (სოფელი). ქალაქი განვითარებული ტეხნიკით იძლევა ისეთ ხმებს, რომლის გამომთქმელი ნიშანი ჯერ არ გაკეთებულა,” (ჟურნალი H2SO4), და რომლის გაკეთებაც იყო მისი მიზანი.

1947 წელს არსდება ქართული შრიფტის მუდმივი კომიტეტი, სადაც ხელმძღვანელობს მეცნიერულ კვლევით ლაბორატორიას. 1949 წელს ასრულებს ქართული შრიფტის ახალ გარნიტურს “მკაფიო”.

1957 წელს ქმნის ახალ შრიფტს სახელწოდებით “ვიწრო გარნიტური”.

1952 წლიან გამოდის მისი მონოგრაფიები და გამოკვლევანი: იოსებ შარლემანზე, გრიგოლ. ტატიშვილზე, დავით ქუთათელაძეზე, ქართული მხედრულ შრიფტზე, მ. ზიჩზე, ქართული გრაფიკაზე და სხვა.

1954 წელს მთავრობის დადგენილებით ენიჭება ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ჯილდოვდება მედლით “შრომითი მამაცობისთვის” და ქების სიგელით.

1958 წლებში მუშაობს “პირველი ქართული გრაფკული გამოსახულებების” თემაზე.

1960-იანი წლების დასაწყისში მის სტუდიაში მომხდარი ხანძრის გამო მისი ნამუშევრები განადგურდა. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ პუბლიკაციებმა, რამდენიმე გრაფიკულმა და ორმა ფერწერულმა ნამუშევარმა.